logo
ENG



"ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგულია" - ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთა წერილი

27 დეკ 202323:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/27/esn1gozzhqzgd7i.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს აპროტესტებენ. წერილში ნათქვამია, რომ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემით, "აფხაზეთმა ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგა".

"დეპუტატებმა არ წარუდგინეს საზოგადოებას ინფორმაცია ახალი კოორდინატების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან იყო შეთანხმებული. მანამდე დადგენილი კოორდინატებით, ეს არის 345 ჰექტრის ტერიტორია, რომლიდანაც 180 ჰექტარი არის ზღვის აკვატორია, 155 ჰექტარი ბიჭვინთის ნაკრძალი, რვა ჰექტარი – ბიჭვინთის საცხოვრებელი კვარტლები.

ამგვარად, აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი განცალკევდა და შედეგად, აფხაზეთის მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა ქვეყნის საზღვაო საზღვრების ნაწილთან, უნიკალურ ნაკრძალთან და ერთადერთ საზღვაო უბესთან, რომლის სიღრმეც იძლევა საშუალებას, რომ იქ გემები შევიდნენ და გააჩნია საუკეთესო სანავიგაციო პირობები.

დეპუტატებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, განემარტათ აფხაზეთის საზოგადოებისთვის, რომელიც პარლამენტთან იყო შეკრებილი, რატომ იყო აუცილებელი საგანგებო სხდომის გამართვა და ამ ქმედებებით აჩვენეს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში სრული სამართლებრივი ქაოსია. შედეგად, ჩვენ საქმე გვაქვს ტერიტორიის დაკარგვის უპრეცედენტო შემთხვევა არა საომარ, არამედ მშვიდობიან დროს", - აღნიშნულია წერილში.

***

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. შეთანხმების "რატიფიცირება" ე.წ. პარლამენტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.

26 დეკემბერს დღის განმავლობაში შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან იკრიბებოდნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ. 

თავდაპირელად ცნობილი იყო, რომ შეთანხმების საკითხზე ე.წ. პარლამენტს 28 დეკემბერს უნდა ემსჯელა. 

როგორც ტელეგრამარხი რესპუბლიკა წერს, პარლამენტმა სასესიო სხდომა დილის ექვს საათზე დაიწყო, ამ დროს მოქალაქეები ჯერ კიდევ ე.წ. პარლამენტთან იმყოფებოდნენ. სხდომაზე კი მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტები დაუშვეს. მათივე ინფორმაციით, სესიის შემდეგ პარლამენტთან სპიკერი ლაშა აშუბა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.

2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული "ობიექტი" მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას, გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა. აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.

იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს უფლება აქვს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, კაპიტალური მშენებლობა განახორციელოს. ნაგებობებსა და შენობებზე საკუთრების უფლება რუსეთის მხარეს იქნება.

ეხო კავკაზას ინფორმაციით, რუსული მხარე ამ ობიექტებს, მიწის ნაკვეთებსა და ზღვის აკვატორიის მონაკვეთს გამოიყენებს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე მათი რეკრეაციული დასვენებისთვის.

ოკუპანტი ქვეყანა და მის მიერ დასმული ე.წ. ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი ფორმდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.


close დახურვა